100 დღიანი ჩელენჯი: «შესაძლებლობების მაქსიმუმზე

100 დღიანი ჩელენჯი: «შესაძლებლობების მაქსიმუმზე

[პოსტი №1/100]

🚀 და აი, დადგა დიდი თამაშის დაწყების დროც. ვიწყებ 100 დღიან ჩელენჯს: “შესაძლებლობების მაქსიმუმზე”. მსგავსი ჩელენჯი გავაკეთე ზუსტად 5 წლის წინ [უბრალოდ, ის 30 დღიანი იყო], რომელშიც 120+ ადამიანი ჩაერთო და მხოლოდ ოთხმა შევძელით ფინიშამდე მისვლა 🙂

ჰოდა, ახლა, გამომდინარე იქედან, რომ კიდევ უფრო დიდი თამაშისთვის ვემზადები და მჭირდება ფორმაში ყოფნა, გადავწყვიტე, ეს 100 დღიანი ჩელენჯი გავაკეთო მხოლოდ ჩემთვის. არავის ვთხოვ ჩართვას და არ მოვუწოდებ არაფრისკენ, გარდა ერთისა – დამაკვირდით.

ეს დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა ჩემში და აი, დადგა ეს შესანიშნავი დღეც. ეს იქნება პიროვნულ-პროფესიონალური ჩელენჯი, სადაც:

1️⃣ პიროვნული განვითარების კუთხით, მოვახდენ სრულ ტრანსფორმაციას [ამაზე ოდნავ ქვევით];

2️⃣ პროფესიონალური განვითარების კუთხით, მოვახდენ ჩემში არსებული ცოდნისა და გამოცდილების [რომელიც ვეღარ ძლებს და გარეთ გამოსვლას ლამობს] სისტემატიზებას [ამაზეც ოდნავ ქვევით].

ჩემი 100 დღიანი მიზანი ასე გამოიყურება:

🎯 100 დღის განმავლობაში, ყოველ დღე ვდგები დილის 5 საათზე;

🎯 100 დღის განმავლობაში, ყოველ დღე ვწერ და ვაქვეყნებ ერთ ბომბა პოსტს 💣

🎯 100 დღის განმავლობაში, უარს ვამბობ და არ ვჭამ ხორცს;

🎯 100 დღის განმავლობაში, ყოველ დილას ვაკეთებ „მადლიანი დილის“ რიტუალებს;

🎯 100 დღის განმავლობაში, სრულად ვაწყობ „ინტელექტიკას“ აკადემიას და დისტანციურ მენეჯმენტს;

🎯 100 დღეში ვწერ წიგნს და ვქმნი ინტელექტიკას ფლაგმან პროდუქტს [პირადი ტრანსფორმაციის 1 წლიან უნიკალურ პროგრამას].

პოსტები, რომელსაც 100 დღის განმავლობაში, ყოველ დღე დავდებ, იქნება ნამდვილი ბომბა, რომლის მსგავსს კონტენტსაც ვერსად ნახავ.

ეს კონტენტი იქნება ჩემი ახალი წიგნისა და ინტელექტიკას ფლაგმანი ტრენინგის ერთგვარი ფაბულა… ამიტომ, ძალიან მინდა, რომ შენც აქტიური მონაწილეობა მიიღო მის შექმნაში.

აქედან გამომდინარე, ერთი პატარა თხოვნა მექნება შენთან: აუცილებლად გაეცანი პოსტებს [100 დღის განმავლობაში ენერგია გარანტირებული გექნება] და თუ სურვილი გექნა მიგულშემატკივრე 😍

მაშ ასე, წავედით.

18+

ყურადღება: პოსტი შეიცავს არანორმატიულ ლექსიკას, ასე რომ მაღალი მორალის მქონე ადამიანებს, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ აღშფოთებას აღშფოთების შესახებ, ვურჩევ - ნუ დაკარგავთ დროს და აიშლით ნერვებს ამ სირობის წაკითხვაზე.

საკვანძო რესურსების მართვის პრინციპები

__________

ბევრი ვიფიქრე, თუ როგორ დამეწყო ჩემი ცოდნის, გამოცდილების, უნარებისა და პიროვნული ტრანსფორმაციის სისტემატიზება და გადავწყვიტე, რომ ეს უნდა იყოს რაიმე ფუნდამენტალური. რაიმე, რაც დგას ღრმა ინსტინქტების, საბაზისო განწყობებისა და არქეტიპული გადაწყვეტილებების დონეზე, რაც იქნებოდა თითოეული შემდგომი მოქმედების ცენტრალური პარადიგმა და საძირკველი. ასე რომ, დღეს მე შევეცდები, პირველ რიგში, ჩემი თავისთვის მოვახდინო იმ ძირითადი ბირთვის ფორმულირება, რომელსაც დაეყრდნობა მთლიანად ჩემი ეს 100 დღიანი სიგიჟე.

ჩემი მთავარი მიზანია – ჰარმონიული განვითარება ცხოვრების საკვანძო სფეროებში, ამიტომ გადავწყვიტე, წავიდე სფერული განვითარების გზით და დავაბალანსო 6 საკვანძო სფერო.
ესენია:

  • პიროვნება + დრო;
  • ჯანმრთელობა + ენერგია;
  • ოჯახი;
  • ფული;
  • ურთიერთობები;
  • სულიერება.

ჩვენი ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს ის, თუ როგორ ვმართავთ და ვაბალანსებთ ამ 6 სფეროს. მნიშვნელოვანია, შევქმნათ პროფიციტი თითოეულ სფეროში [რესურსში].

რას ვგულისხმობ?

  1. დამოკიდებულია თუ არა ცხოვრების უმაღლესი ხარისხი, პროცესით სიამოვნების მიღება და დრაივი ჩვენს პიროვნულ განვითარებასა და დროის მართვაზე [და როგორც შედეგი, მათი პროფიციტული რაოდენობით წარმოების უნარზე]? რა თქმა უნდა, კი! იყო პიროვნულად განვითარებული – ნიშნავს იყო ცნობიერი, ადეკვატური, 100% პასუხისმგებლობას იღებდე საკუთარ თავზე, ხარისხიანად და ეფექტურად მართავდე საკუთარ თავს დროსა და სივრცეში, იყო შემოქმედი, ხარისხიანად და ეფექტურად აკეთებდე იმას, რაც გიყვარს და როგორც შედეგი, ცხოვრობდე ხარისხიანი, ეფექტური და შედეგიანი ცხოვრებით. საკუთარი თავის დროსა და სივრცეში ეფექტური მართვა საშუალებას გვაძლევს, ყურადღება დავუთმოთ ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროს და ვიცხოვროთ საკუთარ დინამიკაში. და პირიქით – დროის დეფიციტი „ნახმარი ცხენის“ მდგომარეობაში გვაგდებს, როდესაც მუდმივად ვიმყოფებით სიტუაციაში – „ჩქარა, ჩქარა, ვერ ვასწრებ“, რაც ალბათ, დამეთანხმები, რომ ამცირებს ცხოვრების ხარისხს.
  2. დამოკიდებულია თუ არა ცხოვრების უმაღლესი ხარისხი, პროცესით სიამოვნების მიღება და დრაივი ჩვენს ჯანმრთელობასა და ენერგიაზე [და როგორც შედეგი, მათი პროფიციტული რაოდენობით წარმოების უნარზე]? ცალსახად, კი! აქ ვფიქრობ, რომ არაფრის დამტკიცება არ დამჭირდება. თითოეულ ჩვენგანს გვქონია მდგომარეობა, როდესაც ვიყავით „ჯანმრთელი და ენერგიით სავსე“ და მდგომარეობა, როდესაც ვიყავით „უძლური და უენერგიო“. მაგრამ მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას, რომ აქ მე მხოლოდ ჯანმრთელობაზე არ ვსაუბრობ… ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. არიან ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანები, ენერგიის გარეშე. ასეთი მდგომარეობა კი, უარყოფითად აისახება ცხოვრების ხარისხზე.
  3. დამოკიდებულია თუ არა ცხოვრების უმაღლესი ხარისხი, პროცესით სიამოვნების მიღება და დრაივი ჩვენს ოჯახში არსებულ ჰარმონიაზე [და როგორც შედეგი, მისი პროფიციტული რაოდენობით წარმოების უნარზე]? რა თქმა უნდა, დამოკიდებულია! თუ ოჯახში ქაოსი და არეულობაა, ქაოსი და არეულობაა ყველგან. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ოჯახი – ეს არის პიროვნების განვითარების მთავარი პოლიგონი და ინდიკატორი. ასევე, ოჯახი – კულტურის განვითარების მთავარი პოლიგონია, ის ყველაზე რთულია და სწორედ ამიტომ არის ყველაზე ეფექტური, ხოლო ბიზნესი – ეს უკვე მომდევნო დონეა.
  4. დამოკიდებულია თუ არა ცხოვრების უმაღლესი ხარისხი, პროცესით სიამოვნების მიღება და დრაივი ჩვენს ფულზე [და როგორც შედეგი, მისი პროფიციტული რაოდენობით წარმოების უნარზე]? რა თქმა უნდა, კი! როდესაც ფლობ ფინანსურ რესურსებს, შეგიძლია მოახდინო შენი ცხოვრების ტრანსფორმირება ისე, როგორც მოგინდება. ფინანსური რესურსის პროფიციტის შემთხვევაში, ჩვენ მშვიდად შეგვიძლია შევიცვალოთ საქმიანობის სფერო, საცხოვრებელი ადგილი, უზრუნველვყოთ ყოფითი კომფორტი, წავიდეთ დასასვენებლად, დავაფინანსოთ ჯანმრთელობა, განათლება და ა.შ. და პირიქით – ამ რესურსის დეფიციტი მკვეთრად ამცირებს ჩვენი ცხოვრების ხარისხს.
  5. დამოკიდებულია თუ არა ცხოვრების უმაღლესი ხარისხი, პროცესით სიამოვნების მიღება და დრაივი სოციალურ კავშირებზე [და როგორც შედეგი, მისი პროფიციტული რაოდენობით წარმოების უნარზე]? აქ მე ვგულისხმობ არა მხოლოდ ახალი კავშირების დამყარებისა და შენარჩუნების უნარს, არამედ მთლიანად სოციალიზაციას, ყველა კომუნიკაციას მათთან, ვინც „მე არ ვარ“: მშობლები, შვილები, მეორე ნახევარი, პარტნიორები, თანამშრომლები, კლიენტები, კოლეგები, მეგობრები სოციალურ ქსელებში და უცხო ადამიანები. ის, რამდენადაც შეგვიძლია, განვავითაროთ და შევინარჩუნოთ სოციალიზაცია, პირდაპირ მოქმედებს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე.
  6. დამოკიდებულია თუ არა ცხოვრების უმაღლესი ხარისხი, პროცესით სიამოვნების მიღება და დრაივი სულიერებაზე [და როგორც შედეგი, მისი პროფიციტული რაოდენობით წარმოების უნარზე]? ოოო, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, დამახინჯებული და ტაბუირებული თემა… არადა, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან თუ ადამიანს არ აქვს საზრისი, რომელიც არ სცილდება მის ეგოისტურ და ყოფით საზრუნავებსა და საჭიროებებს, ვერაფერი გრანდიოზული და ექსტრაორდინალური ვერ შეიქმნება… იქნება უკვე არსებულის უფერული და მახინჯი ასლი… მაგრამ არ იქნება ახალი და განუმეორებელი – როგორც ანდრო დგებუაძე ამბობს: „ეგ არის“ მდგომარეობაში შექმნილი საოცრება [ამ თემაზე კიდევ დავწერ, თანაც ძალიან სიღრმისეულად, რადგან სწორედ აქ არის მთავარი ბირთვი].

აი, ასეთი საკვანძო სფეროები განვსაზღვრე მთავარ ბირთვად. ეს არის საძირკველის საყრდენის ფუძეში არსებული მთავარი ბირთვი… შესაბამისად, ჩემი ცხოვრების მენეჯმენტის მთელი სისტემა, ამ რესურსების ბრძნულად მართვის პარადიგმაზე იქნება დაფუძნებული.
ვაგრძელებთ?

მყარი, რბილი და ცარიელი

__________

ამ მოდელმა ერთ დროს დიდი ძვრა მოახდინა ჩემს პარადიგმაში და გადავწყვიტე, შემეტანა ცხოვრების მართვის ჩემს მოდელში. პირველად ის გავიგე ვლადიმერ ტარასოვისგან.

შევეცდები, ერთი კარგი მეტაფორით ავხსნა ის, რაშიც გამოვიყენებ ჩოგბურთის კორტის მოდელს.

წარმოიდგინე ჩოგბურთის კორტი, სადაც თამაშისთვის არ გჭირდება პარტნიორი – შენ ვარჯიშობ სპეციალურ კედელზე. დარტყმის შემდეგ, ბურთი ხვდება კედელს და გიბრუნდება უკან.

მაშ ასე, შენ მიდიხარ ამ კორტზე იმ განზრახვით, რომ ითამაშო… უეცრად კი ამჩნევ, რომ რამდენიმე ადგილას კედელი რბილია, რომელზე მოხვედრის შემთხვევაშიც, ბურთი აღარ ბრუნდება უკან და ეცემა ძირს. ასევე, ამ კედელზე არის დიდი ნახვრეტები, რომელში მოხვედრის დროსაც ბურთი იკარგება.

ეს რა უცნაური ჩოგბურთის კორტია? იკითხავ შენ…

მე კი გიპასუხებ, რომ – ეს კორტი შენი ცხოვრებაა.

ჩვენ ამ კორტზე მოვედით, როდესაც დავიბადეთ – და წავალთ, როცა დადგება წასვლის დრო.

თითოეულ ჩვენგანს ხელში გვიჭირავს ბურთები – ეს ჩვენი რესურსებია. და ბურთებზე ჩოგნის დარტყმით [მოქმედება], ვგზავნით ბურთებს [რესურსებს] კედელზე [ჩვენი ცხოვრების ტერიტორიაზე].

  1. მყარი. ზოგი ბურთი ხვდება კედლის მყარ ზედაპირს და გვიბრუნდება უკან შედეგებისა და კიდევ უფრო დიდი რესურსების სახით.
  2. რბილი. ზოგი ხვდება რბილ ზედაპირს და ეცემა ძირს… აქ უკვე ჩვენ გვიწევს გაჩერება, მისვლა და აღება… თუ დროზე არ მივალთ, ვკარგავთ ბურთებს… მაგრამ რესურსი რომც არ დავკარგოთ, დროს მაინც ვკარგავთ [რაც ასევე რესურსია].
  3. ცარიელი. ზოგი ბურთი კი ხვდება ნახვრეტებში და იკარგება.

თუ მივიღებთ ამ მეტაფორას, ჩნდება ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა-ამოცანა:

როგორ მივიღო მაქსიმალური სიამოვნება ამ თამაშის პროცესით ისე, რომ თან სასურველი შედეგი [ანუ გამარჯვება] დავაფიქსირო?

ხომ იცი, რომ სწორად ფორმულირებულ კითხვას აქვს სწორი პასუხი, რომელიც ასე ჟღერს:

ყველაფერი მარტივად შეგიძლია მოხდეს, მთავარია, დაიცვა სამი მარტივი წესი:

  1. ითამაშე;
  2. ბურთი მოახვედრე მყარ ზედაპირს;
  3. ამოქოლე კედელზე არსებული ნახვრეტები.

ახლა კი, სათითაოდ აგიხსნი, თუ რას ვგულისხმობ და რა უნდა გაკეთდეს თითოეულ წესში.

წესი #1: ითამაშე [აწარმოე და დახარჯე]

ითამაშო – ეს ნიშნავს, მონაწილეობდე. ეს ნიშნავს – არ იდგე და გვერდიდან არ უყურებდე. არავინ იცის, როდის დასრულდება ჩვენი თამაში და შემდეგი საერთოდ იქნება თუ არა. ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება – ეს არის: „მერე ვითამაშებ“.

არადა, თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არ მონაწილეობს საკუთარ ცხოვრებაში… ის სხვისას აკვირდება. უმრავლესობას ცხოვრება უბრალოდ, ემართება.

გავაგრძელოთ თემა… ჩვენი რესურსების ენაზე – „ითამაშო“ ნიშნავს – ციკლურ მოქმედებაში მოიყვანო რესურსები, ანუ დაიწყო მათი წარმოება და ხარჯვა. შენ უნდა აწარმოო და ხარჯო საკუთარი დრო, საკუთარი ფული, საკუთარი ენერგია, საკუთარი სოციალური კაპიტალი. აკეთო რაღაც, ჩადო, ამოიღო, აბრუნო და ა.შ.

რა მოხდება, თუ არ „ითამაშებ“ რესურსებით?

  1. თუ არ აწარმოებ და არ ხარჯავ პერსონალურ განვითარებას, ხარ ავი ძაღლივით… ემოციები და ეგო გხმარობს წინიდან და უკნიდან… ვერ გაგიგია, რა გინდა, არაფერი მიგყავს ბოლომდე, ხარ ეჭვიანი, თამაშობ პომიდვრის როლს, მაგრამ ყველა კარგად ამჩნევს, რა კიტრიც ხარ. შესაბამისად, არ აწარმოებ და არ ხარჯავ დროს – რაც პიროვნული განუვითარებლობის უტყუარი და გარდაუვალი შედეგია – ძალიან მალე აღმოაჩენ, რომ ცხოვრება მოსაწყენი გახდა. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თავად დრო ბევრი გაქვს, სხვა რესურსებში კი აშკარად ჩავარდნებს განიცდი. გქონდეს ბევრი თავისუფალი დრო, მაგრამ არ გქონდეს ფული და ენერგია – ეს მოკლე და გარანტირებული გზაა დეპრესიისა და უბედურებისკენ;
  2. თუ არ აწარმოებ და არ ხარჯავ ენერგიას – რაც ასევე, პირველ დონეზე ჩაჯმის უტყუარი და გარანტირებული შედეგია – ადრე თუ გვიან იგრძნობ, რომ ის [ენერგია] რატომღაც გაქრა, დამთავრდა, დაიცალა. ემოციური მუხტი დასუსტდა, მწველი სურვილი და ენთუზიაზმი ჩაქრა, ფიზიკური მდგომარეობა გახდა „ფლავური“;
  3. თუ არ აწარმოებ ჰარმონიულ ურთიერთობებს შენს პირველ კონტურთან [ოჯახთან] და შემდეგ იქ არ ხარჯავ შენ მიერ მოპოვებულ რესურსებს [შენი პიროვნული ძალა, დრო, ენერგია, ფული…] მალე ხვდები, რომ ფარჩაკი ხარ და კიდევ უფრო მეტი ენერგიის, დროისა და ძალების კარგვას იწყებ.
  4. თუ დაეუფლები ფულის გარკვეულ რაოდენობას და შეეცდები, უძრაობაში ამყოფო ის, გარკვეული დროის შემდეგ ის დაიხარჯება ისე, რომ უკან არაფერს მოიტანს. იმიტომ რომ საერთოდ არ დახარჯვა არ გამოგივა, რამით ხომ უნდა იცხოვრო?! როდესაც არ ვაბრუნებთ ფულს, არ ვქმნით სისტემას ახალი ფულის მოსაზიდად, გარკვეული პერიოდის შემდეგ დავრჩებით არაფრის ამარა. ფული დამთავრდა, მოზიდვის დამატებითი გზები კი – გაუგებარია;
  5. თუ არ აწარმოებ ხარისხიან ურთიერთობებს სოციუმთან და შემდეგ იქ გონივრულად არ ხარჯავ შენს რესურსებს, ადრე თუ გვიან გაიგებ ჩუმ ხმას საკუთარი სინდისისგან: „შიგ ხომ არ გაქვს, ძვირფასო?! ვერ ხედავ ამ უმადურებსა და არაფრის მაქნისებს რომ ვერ გაცდი? ტრაკი გაანძრიე, თორემ მალე საერთოდ მარტო დარჩები“.
  6. თუ არ აწარმოებ და არ ხარჯავ სულიერ ძალებს… ვთქვაა? 🙂 მოდი, არ გეტყვი, იმიტომ რომ, თუ არ აწარმოებ და არ ხარჯავ, ამის მოსმენა ძალიან გეწყინება…

მოკლედ, წესი #1: ითამაშე [აწარმოე და დახარჯე]. გაუშვი ბურთი [რესურსები] მიმოქცევაში. ეს არის პირველი წესი… და თუ დაიცავ მომდევნო ორ წესსაც, ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება.

რა მოხდება, თუ თამაშისას ბურთს არ მოახვედრებ მყარ ზედაპირს?

წესი #2: მოახვედრე მყარ ზედაპირს

ჩემს მეტაფორაში მყარი – ეს არის ის, რასთან შეხების შემდეგაც ბურთი-რესურსები უკან ბრუნდებიან, რბილი კი – რასთან შეხების შემდეგაც არ ბრუნდებიან.
მაგალითად:

  1. პიროვნულ დონეზე. მყარი – ეს არის, როდესაც ცნობიერად და მიზანმიმართულად მუშაობ საკუთარ თავზე. შენ აცნობიერებ, რომ დიდ წარმატებას განსაზღვრავს ეფექტური აზროვნება… შენ აცნობიერებ, რომ გჭირდება წარმატებული ადამიანის ნეირონული-ქსელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოგივა… ჰოდა, დგები, იკიდებ საზოგადოებრივ აზრს და იწყებ არანორმალურ მუშაობას საკუთარ თავზე. რბილი – ეს არის, როდესაც საერთოდ არ მუშაობ საკუთარ თავზე… არ გაქვს დახურული პირველი, ადაპტაციის [გადარჩენის] დონე… იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფები, სხვებს ადანაშაულებ [მშობლები, მთავრობა, ელექტრიკი თედო და ა.შ.], ხარ მორალისტი, გაწყვეტილი გაქვს კავშირი საკუთარ სხეულთან და სურვილებთან… მოკლედ, ვერ მართავ დროს, ხარ ხვალისტი, პროკრასტინატორი, რეაქტიული და არაადეკვატური…
  2. ჯანმრთელობისა და ენერგიის დონეზე. მყარი – ეს არის, როდესაც გაქვს დიდი და შთამაგონებელი მიზანი, რომელიც გავსებს ენერგიით. შენ მიზანმიმართულად, ცნობიერად მუშაობ საკუთარ ჯანმრთელობაზე, რადგან აცნობიერებ, რომ სწორედ სხეულია ის საკვანძო ინსტრუმენტი [სკაფანდრი], რომელიც ფორმაში უნდა იყოს, თორემ დიდ და შთამაგონებელ მიზანთან მისვლის ნაცვლად, მიხვალ – პიზდეცში. რბილი – ეს არის, როდესაც ხარ უენერგიო, არ იცი, რა გინდა, რასაც აკეთებ, ის არც მოგწონს, არც გყოფნის და არც განვითარებს… ჯანმრთელობისა და ენერგიის დონეზე მყარი – ეს არის ფიზიკური დატვირთვა და სპორტი. ასევე, ეს არის ხარისხიანი დასვენება, მოგზაურობა, მასაჟი, აბანო, თავაწყვეტილი გართობა ახლობელ ადამიანებთან. ხარისხიანად დავხარჯე ენერგია – მივიღე კიდევ უფრო მეტი. რა არის რბილი ენერგიის დონეზე? უმოძრაო ცხოვრების სტილი, არეული დღის რეჟიმი, არეული ძილი, არეული კვების რეჟიმი და ა.შ.
  3. ოჯახის დონეზე. მყარი – ეს არის, როდესაც ცოლ-ქმარი არიან თანამოაზრეები, აქვთ დიდი და შთამაგონებელი მიზანი, სიღრმისეულად იცნობენ ერთმანეთს და შეთანხმებული აქვთ ურთიერთობის დეტალები [განსაკუთრებით, წვრილმანები]. ასევე, მყარად დაცული აქვთ და ძალიან უფრთხილდებიან ერთმანეთის პერსონალურ საზღვრებს. რბილი – ეს არის, როდესაც ოჯახის წევრებს არ აქვთ დიდი და შთამაგონებელი მიზანი, არ არიან თანამოაზრეები. არ აქვთ შეთანხმებული და დაცული პერსონალური საზღვრები, აქვთ გაცრეცილი და გაუფერულებული ურთიერთობა, შვილებიც იზრდებიან როგორღაც და ცხოვრებაც რაღაცნაირად მიდის რა…
  4. ფულის დონეზე. მყარი – ეს არის, ხარჯო ბიზნეს-სისტემების შექმნაზე, გონივრულ რეკლამაზე, თვითგანვითარებასა და პროფესიონალურ განვითარებაზე. რბილი – ეს არის, ხარჯო ცხოვრების არსებული დონის შენარჩუნებაზე, ოპერაციულ ხარჯებზე. რა თქმა უნდა, ოპერაციული ხარჯების გარეშე ვერაფერს გავხდებით, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამას არ მოაქვს ახალი ფული, შესაბამისად, რბილია.
  5. სოციალიზაციის დონეზე. მყარი – ეს არის ახალი კავშირები, ნეთვორქინგი, არსებული კავშირების გამყარება, ურთიერთობების გამყარება ოჯახში, მშობლებთან, ახლობლებთან… რბილი – ეს არის ჭორაობა და უაზრო ლაი-ლაი, რომელსაც არაფერი მოაქვს.
  6. სულიერ დონეზე. მყარი – ეს არის ტოტალური მონაწილეობა ცხოვრებაში., ცხოვრება საზრისითა და ჰარმონიით საკუთარ ფასეულობებთან. რბილი – ეს არის რბილი მონაწილეობა და უმწიფარი ფასეულობები [ვერც ხვდება საერთოდ, რა არის ეს]…

როდესაც ვუმიზნებთ მყარს – ჩვენ ვხდებით მდიდრები… დიახ, ჩვენი რესურსები იზრდება და ჩვენ ვმდიდრდებით. როდესაც ვახვედრებთ რბილს – ჩვენ ვღარიბდებით. საერთოდ რბილის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ მხოლოდ რბილში მოხვედრება – დიდი შეცდომაა.

და კიდევ – შეიძლება მყარს მოარტყა ერთი რესურსი და საპასუხოდ მიიღო მეორე. ამგვარად, შეგვიძლია ერთი რესურსი შევცვალოთ მეორეთი, მაგალითად, ფული გავცვალოთ დროში, დრო ენერგიაში, ენერგია სოციალურ კაპიტალში და ა.შ.

რა მოხდება, თუ არ ამოქოლავ ნახვრეტებს??

წესი #3: ამოქოლე კედელზე არსებული ნახვრეტები

და დასასრულს, ბოლო წესი თანმიმდევრობით და არა მნიშვნელობით – ეს არის ნახვრეტების ამოვსება. ნახვრეტებში ვგულისხმობ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც არა თუ უკუგებას იძლევა, არამედ პირიქით, მხოლოდ მიაქვს და აქრობს ყველაფერს, რაც კი შეეხება მას. ეს არის შავი ხვრელი, რომელიც წარმოუდგენელი სისწრაფით შთანთქავს რესურსებს.

  1. პიროვნება + დრო. კომფორტის ზონაზე მიჯაჭვულობა და ცხოვრების განიავება, სადაც ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით მეორდება: სოციალურ ქსელებში ჩაბეტონებული ცხოვრება. სერიალები… მოკლედ, ყველამ კარგად იცის საკუთარი “ფსიქო და ქრონობაგები”.
  2. ჯანმრთელობა + ენერგია. დამოკიდებულება: სიგარეტი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები… ავადმყოფობა… არასაყვარელი საქმის კეთება, უაზრო კამათი, თვითგვემა და ა.შ.
  3. ოჯახი. გაძლებაზე ცხოვრება… არა სიყვარული, არა აღმაფრენა, არა სექსი… მხოლოდ ღრენა, ყეფა და გაძლების ვალდებულება.
  4. ფული. ვალები, კრედიტები, უაზრო ხარჯები…
  5. სოციალიზაცია. ინტრიგები, კონფლიქტები.
  6. სულიერი. შური, გულში ჩადება, სამაგიეროს გადახდა…

ამ ხვრელებში უკან მოუბრუნებლად იკარგებიან რესურსები და თუ კორტზე ასეთი ხვრელი ბევრია, თამაში ემსგავსება ტანჯვას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამოივსოს ეს ხვრელები, თანაც ამოივსოს რაიმე მყარით… ნუ, სულ არაფრობას რბილიც ჯობია, მაგრამ მყარი ძალიან მაგარია, იმიტომ რომ რესურსები უკან დაგიბრუნდება.

აი, ასეთი მეტაფორა დაიბადა… ახლა კი დროა, ეს მონსტრი მოქმედებაში მოვიყვანო და რეალურ ცხოვრებაში დავნერგო.

დანერგვის ბლოკი

__________

ამ სათაურის ბლოკის [დანერგვის ბლოკი] გაკეთებას ვაპირებ ყოველ სტატიაში და ის მხოლოდ ჩემთვის იქნება… ამ ჩელენჯში მე არავის არაფრისკენ მოვუწოდებ და არავის არავითარ დავალებას არ ვაძლევ… რასაც ვწერ, მეხება მხოლოდ მე, რასაც ვნერგავ – ვნერგავ მხოლოდ მე… მოგწონს? აიღე, მაგრამ მე, ამ ეტაპზე, ამას მხოლოდ ჩემთვის ვაკეთებ.

მოკლედ, ამ ბლოკში დავწერ ხოლმე კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელთა განხორციელებაც მნიშვნელოვანია ჩემთვის, რათა გამოვიმუშაო გარკვეული უნარი, დავნერგო რაიმე ტექნიკა ან მივაღწიო რომელიღაც მიზანს.

დღევანდელი თემიდან გამომდინარე, მე ვაპირებ შემდეგს:

  1. ექვსიდან თითოეულ რესურსში ამოვიწერ 4-4 პუნქტიან სიას სამ კატეგორიაში: მყარი [როგორ შემიძლია გავზარდო წარმოება და რაში დავხარჯავ, რომ მივიღო მეტი?]; რბილი [რაზე ვხარჯავ ახლა რესურსს და ვერ ვიღებ უკუგებას?]; ცარიელი [სად იკარგება ახლა ჩემი რესურსი?]
  2. ცარიელის თითოეული კატეგორიიდან, ავარჩევ ერთს, რომლის ამოვსებაც ადვილია და მოვიფიქრებ, თუ როგორ ამოვავსებ მას რაიმე მყარით. შემდეგ კი – ვდგები და დაუყოვნებლად ვაკეთებ.
  3. მყარის ყოველი კატეგორიიდან, ვარჩევ ერთს, რისი დანერგვაც ყველაზე ადვილად და სწრაფად შემიძლია. შემდეგ კი – მიმდინარე კვირაში ვნერგავ და ვაქცევ მას ჩემს ყოველდღიურ რეალობად.
  4. მას შემდეგ, რაც გავაკეთებ ამას, ვიმეორებ #2 და #3 პუნქტებს.

P.S. აი, ასეთი საგიჟეთი გამომივიდა. მადლიერი ვიქნები, თუ გამიკეთებ უკუკავშირს. ძალიან გთხოვ, დაწერე კომენტარებში შენი აზრი ამ ყველაფრის შესახებ – მოგეწონა თუ არა, ეთანხმები თუ არა, შეგიძლია რამე დაამატო თუ არა. იქნებ შენ შენი განსაკუთრებული ხედვა გაქვს ამ თემასთან დაკავშირებით – დიდი სიამოვნებით მოვისმენდი.

P.P.S. თუ მოგეწონა, გააზიარე შენს გვერდზე, რათა სწრაფად შეძლო მასთან წვდომის დამყარება, როცა დაგჭირდება…

მადლიერი ვარ, რომ წაიკითხე! წინ კიდევ 99 პოსტია, ასე რომ, ხვალამდე!

Previous Is Brixton London’s next tech hipster hub?
Next აბსოლუტური პასუხისმგებლობის კანონი

About author

You might also like

Business 0 Comments

Paris fashion week AW14: the 10 key trends – in pictures

Nam in pharetra nulla. Cras aliquet feugiat sapien a dictum. Sed ullamcorper, erat eu cursus sollicitudin, lorem orci condimentum ante, non tincidunt velit dolor eget lacus. Ut dolor ex, gravida

Sali Hughes on facial sunblocks

Nam in pharetra nulla. Cras aliquet feugiat sapien a dictum. Sed ullamcorper, erat eu cursus sollicitudin, lorem orci condimentum ante, non tincidunt velit dolor eget lacus. Ut dolor ex, gravida

Business 0 Comments

Is Brixton London’s next tech hipster hub?

Nam in pharetra nulla. Cras aliquet feugiat sapien a dictum. Sed ullamcorper, erat eu cursus sollicitudin, lorem orci condimentum ante, non tincidunt velit dolor eget lacus. Ut dolor ex, gravida

0 Comments

No Comments Yet!

You can be first to comment this post!

Leave a Reply