აბსოლუტური პასუხისმგებლობის კანონი

აბსოლუტური პასუხისმგებლობის კანონი

[პოსტი №2/100]

ცხოვრებაში ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული – ბევრს ვაწყენინე, ბევრი შემეშალა, ბევრიც გავამწარე და რომ გავაანალიზე, ყველა საკვანძო შეცდომის უკან პასუხისმგებლობისგან გაქცევა ან არიდება იდგა.

მოკლედ, დაახლოებით 8 წლის წინ, როდესაც სერიოზულ ჩიხში აღმოვჩნდი და გამოსავალს ვერ ვპოულობდი, ერთმა ადამიანმა [გაიხაროს მაგან], მოკლე საუბრისას, ერთი მარტივი კითხვა დამისვა, რომელიც ასე ჟღერდა:

ვინ არის პასუხისმგებელი შენი ცხოვრების ხარისხზე?

ეს იყო დარტყმა პირდაპირ მზის წნულში, იმიტომ რომ გონებამ მომენტალურად დამნაშავეების ჩამოთვლა დაიწყო, მე კი დაბნეული ბავშვივით ვიდექი და ვერაფერს ვამბობდი… ბოლოს კი ამოვილუღლუღე „მე“- მეთქი, მაგრამ ეს „მე“ უფრო ნაძალადევად ნათქვამი იყო, ვიდრე გაცნობიერებული ჩემი სიმართლე.

არ დამავიწყდება ამ ადამიანის სიტყვები:

„დამშვიდდი, ჯობია ახლავე გაერკვე ამ თემაში, ვიდრე კიდევ წლების მანძილზე იწვალო. 100% პასუხისმგებლობის საპირისპირო მხარე, აბსოლუტური მსხვერპლის მდგომარეობაა. რაც უფრო მეტად იღებ პასუხისმგებლობას საკუთარი ცხოვრების ხარისხზე, მით უფრო სუსტდება შენში მსხვერპლის მენტალიტეტი. შესაბამისად, თუ 100% პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ ცხოვრებაზე, მსხვერპლის მენტალიტეტი საერთოდ ქრება. თუ არაფერზე ხარ პასუხისმგებელი, ე.ი. შენ – ეტალონური სფერული მსხვერპლი ხარ ვაკუუმში“.

ეს ფასდაუდებელი გაკვეთილი იყო! ასე რომ, ახლა შენი ჯერია… დამშვიდდი და შეეცადე, ახლავე გაერკვე ყველაფერში.

იმისათვის, რომ გამოავლინო საკუთარ თავში მსხვერპლის მენტალიტეტის დონე, დაუსვი საკუთარ თავს მხოლოდ ერთი შეკითხვა:

ვინ არის პასუხისმგებელი ჩემი ცხოვრების ხარისხზე?

თუ გულწრფელი იქნები, დაინახავ, რომ გონება მიდრეკილია, მთელ რიგ გარემოებებს გადააბაროს პასუხისმგებლობა – ოჯახი, ნათესავები, მეტაბოლიზმი, ორსულობა, ქვეყანა, მთავრობა, მეზობლები, წარსული და ა.შ.

ასეთი აზროვნებით რთულია მიაღწიო რაიმენაირ სტაბილურ და გრძელვადიან ცვლილებებს ცხოვრებაში, რადგან გამოდის, რომ შენი კეთილდღეობა მთელი რიგი გარემოებების მიერაა განპირობებული, რომლებზეც თითქოს შენ არ გაქვს გავლენა.

მოკლედ, თუ შენი პასუხი ამ კითხვაზე „მე“-ს გარდა იყო ნებისმიერი სხვა რამ [მითუმეტეს, პასუხის არ გაცემა] – შენ აზროვნებ, როგორც მსხვერპლი, იქცევი, როგორც მსხვერპლი და განიცდი მსხვერპლის ემოციებს.

მესმის, ვიცი, ეს რადიკალური განცხადებაა და მისი მიღება რთულია, მაგრამ შენ უნდა აიღო 100% პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება შენს ცხოვრებაში.

ახლავე ყველაფერს აგიხსნი – თანაც დეტალურად…

ეს თემა იმდენად უგულებელყოფილი და დამახინჯებულია, რომ შევეცდები ორმხრივად ავხსნა, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები და ყველაფერს თავის სახელი დაერქვას. ახნის პირველ ნაწილში “გიგანტების ბეჭებზე” დავდგები და მოვიყვან მაგალითს სტივენ ქოვის წიგნიდან: “მაღალეფექტური ადამიანების 7 უნარი”.

საზრუნავების წრე და გავლენის წრე პროაქტიული აზროვნების კონცეფციაში

__________

ნუ შეშინდები, მე აქ ვარ 

ადამიანის აზროვნების დონე აუცილებლად განსაზღვრავს მის ხასიათს, ქცევასა და მოქმედებებს. პროაქტიული აზროვნების კონცეფცია გულისხმობს, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში არსებობს “საზრუნავების წრე” და “გავლენის წრე”.

რომელიღაც წრეზე კონცენტრაცია მჭიდროდაა კავშირში ადამიანის ხასიათთან. ძალიან მოკლედ და გასაგებად, რომ ვთქვათ: თუ კონცენტრირებული ვართ საზრუნავების წრეზე, ის იზრდება, გავლენის წრე კი მცირდება… და პირიქით, თუ კონცენტრაციას ვახდენთ გავლენის წრეზე, ის იზრდება, საზრუნავების წრე კი, მცირდება.

საზრუნავების წრე

რეაქტიული აზროვნების მქონე ადამიანები, შეიძლება ითქვას მოწოდებული არიან იმისკენ, რომ თავიანთი ყურადღების კონცენტრირება მოახდინონ ისეთ მოქმედებებზე, რომლებიც არ იმყოფება მათი გავლენის ზონაში, რის გამოც, ისინი გრძნობენ უკმაყოფილებას… თუმცა, სერიოზული უკმაყოფილების მიუხედავად, მათ არ აქვთ არსებული სიტუაციის შეცვლის – არც მოტივაცია და არც ენერგია.

საკუთარი ყურადღების ნეგატიურ მომენტებზე კონცენტრირებით, რეაქტიული ადამიანები ვერ ამჩნევენ და ხელიდან უშვებენ პოზიტიურ შესაძლებლობებს, რითაც კიდევ უფრო ზრდიან საზრუნავების წრეს, რა თქმა უნდა, გავლენის წრის საზიანოდ.

გავლენის წრე

პროაქტიული ადამიანები მოტივირებულები არიან და კონცენტრაციას ახდენენ წარმატებაზე. ისინი მოქმედებენ გავლენის წრეში, შესაბამისად, მათ ცხოვრებას განკარგავს არა გარემოებები, არამედ – ისინი თავად. სხვა სიტყვებით, ისინი ფიქრობენ არა პრობლემებზე, არამედ მათი გადაჭრის გზებზე.

საკუთარი გადაწყვეტილებებისა და ქცევების მართვა თვითკონტროლზე დაყრდნობით გაცილებით მარტივია, ვიდრე გარემოებებისა და სხვა ადამიანების.

როდესაც საკუთარ დროსა და ენერგიას [საკვანძო რესურსებს] ვდებთ არა უარყოფით ემოციებში, არამედ იმ სფეროებში, სადაც შესაძლებელია ზეგავლენის მოხდენა – ჩვენ ვაფართოვებთ და ვამყარებთ საკუთარ გავლენის წრეს.

ვფიქრობ, ძალიან გასაგები და სასარგებლო იყო პირველი ვარიანტი, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანია თემაა, რომ აქ ვერ გავჩერდებით და კიდევ უფრო სიღმეში მოგვიწევს ჩასვლა.

აბსოლუტური პასუხისმგებლობის კვალდაკვალ

__________

დავიწყოთ იმის განხილვით, რაზეც ადამიანებს შედარებით უადვილდებათ პასუხისმგებლობის აღება. აი, რამდენიმე მაგალითი:

  • შენი წარმატებები;
  • შენი შვილები;
  • ის, როგორც შენ განკარგავ საკუთარ დროს;
  • ის, როგორც შენ ატარებ მანქანას;
  • შენი საყიდლები;
  • ფრჩხილების სიგრძე;
  • და ა.შ.

მოდი, ავიღოთ წარმატებები…

ალბათ დამეთანხმები, რომ საკუთარ წარმატებებზე პასუხისმგებლობის აღება ძალიან ადვილია. ჩვენ ბავშვობიდან ვიცით, თუ რა არის შექება. ვიცით, რომ თუ მიაღწიე წარმატებას, შეგაქებენ, გაღიარებენ და ა.შ. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვინდა მივიღოთ შექება და აღიარება, ვისწავლეთ მივიწეროთ წარმატებები. ამიტომ, ამ მაგალითზე დიდად შეჩერება არ ღირს. დიდი ალბათობით, შენ უკვე იცი საკუთარ წარმატებებზე პასუხისმგებლობის აღება.

ბევრად მნიშვნელოვანი და საინტერესო აქ სხვა რამეა… დიახ, ის, რაზეც არ გვიყვარს პასუხისმგებლობის აღება. არადა, სწორედ ამ სფეროებზე უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, თუ რა თქმა უნდა, გვინდა გავხდეთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედები და მმართველები.

გუშინდელი პოსტის შემდეგ, ალბათ, არ გაგიჭირდება იმის გამოცნობა, თუ რომელ სფეროებს ვგულისხმობ… შესაბამისად, ის, რასაც ახლა გავივლით, იქნება პასუხი კითხვაზე:

როგორ ვაქციოთ ჩოგბურთის კორტის კედელი [ჩვენი ცხოვრება], მყარ, მონოლითის კედლად, რომელიც მუდმივად უკან დააბრუნებს ჩვენ მიერ გაგზავნილ ბურთებს [რესურსებს], თანაც დიდი სისწრაფით?

6 საკვანძო სფერო, რომლებშიც უნდა ავიღოთ 100% პასუხისმგებლობა

__________

თუ ამ მოქმედების წინ გიჩნდება რაიმენაირი სახის წინააღმდეგობა, მიესალმე მსხვერპლის მენტალიტეტს… დიახ, ცვლილებებს სწორედ ის ეწინააღმდეგება.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს მარცხებზე ექვსივე სფეროში. საკუთარ წარმატებებზე პასუხისმგებლობის აღება ადვილია, მარცხებზე კი – რთული.

სწორედ ესაა ჩვენი გავლენის წრე, რაზეც ჩვენ გვაქვს გავლენა, ამიტომ, მოდი, მივყვეთ ეტაპობრივად:

  1. პიროვნება + დრო. მარცხებში იგულისხმება ყველა ის სიტუაცია, როდესაც შენ ვერ მიიღე სასურველი პიროვნული განვითარებისა და დროის მართვის სფეროში. მაგალითები შეიძლება იყოს უამრავი: პერფექციონიზმი და პროკრასტინაცია; იწყებ საქმეებს და არ მიგყავს ბოლომდე და ა.შ.

სავარჯიშო #1: „10 სიტუაცია“. ჩამოწერე 10 სიტუაცია, როდესაც სხვას [ადამიანებს, გარემოებებს…] ადანაშაულებდი იმაში, რომ შენ ვერ აბამდი რაღაცას თავს. ჩამოწერე ყველაფერი, რაც გაგახსენდება…

სავარჯიშო #2: „როგორ შევქმენი ეს მე?“ სიტუაციაში, სადაც რაღაც არ მოგწონს [სავარჯიშო #1], აუხსენი საკუთარ თავს, როგორ შექმენი ეს სიტუაცია. კონკრეტულად რა გააკეთე იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო შენს ცხოვრებაში.

უპასუხე გულწრფელად, ხალტურა არ მუშაობს.

მაგალითი [გამოგონილი]: ჩემთან სახლში სულ აყალ-მაყალია, რის გამოც ვერ ვიმეცადინე და ჩავიჭერი გამოცდაზე!

როგორ შევქმენი ეს მე? შემეძლო, წავსულიყავი ბებოსთან და რამდენ ხანსაც მომინდებოდა იმდენ ხანს მემეცადინა სიჩუმესა და სიმყუდროვეში.

  1. ჯანმრთელობა + ენერგია. შესაძლოა, ვერ იკლებ წონაში; ვერ მოიშორე სიგარეტის მოწევის მავნე ჩვევა; გაქვს ღამე ჭამის მავნე ჩვევა; სვამ ალკო-შხამს და ა.შ. სამწუხაროდ, ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ ისინი ვერ ახერხებენ წონაში დაკლებას, ამაში დამნაშავეა გენეტიკა: „მე რა შუაში ვარ, საქმე გენებშია – ასეთი დავიბადე და რა ვქნა?! მე კი არ ამირჩევია! …იმისთვის ადვილია გახდომა, მისი მეტაბოლიზმი ორჯერ უფრო სწრაფია… მე რომ მქონოდა ასეთი მეტაბოლიზმი, ადვილი იქნებოდა ცხოვრება. რატომ არ დავიბადე ასეთი მეტაბოლიზმით?!“

სავარჯიშო #1: „10 სიტუაცია“. ჩამოწერე 10 სიტუაცია, როდესაც სხვას [ადამიანებს, გარემოებებს…] ადანაშაულებდი შენს ავადმყოფობაში ან უენერგიობაში.

სავარჯიშო #2: „როგორ შევქმენი ეს მე?“ სიტუაციაში, სადაც რაღაც არ მოგწონს [სავარჯიშო #1], აუხსენი საკუთარ თავს, როგორ შექმენი ეს სიტუაცია. კონკრეტულად რა გააკეთე იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო შენს ცხოვრებაში.

უპასუხე გულწრფელად.

მაგალითი [გამოგონილი]: იმაში, რომ ჭარბი წონა მაქვს და ვერ ვიკლებ, გენეტიკაა დამნაშავე!

როგორ შევქმენი ეს მე? დიახ, მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს ბოდვა დავიჯერე და სათანადოდ არ ვიმუშავე საკუთარ თავზე. მე არ ვცადე ყველა შესაძლო ვარიანტი, მე არ ვიყავი შეუპოვარი, მე ვირჩევდი, დამეჯერებინა სისულელეები.

  1. ოჯახი. შესაძლოა, შენ მუდმივად კონფლიქტობ მეორე ნახევართან, გაგიუფერულდათ ურთიერთობები, ცოტა დროს უთმობ ბავშვებს, სახლში სუფევს უწესრიგობა და ქაოსი… მოკლედ, ჟანრის კლასიკა, დანარჩენი შენ დაამატე, არ გაგიჭირდება…

სავარჯიშო #1: „10 სიტუაცია“. ჩამოწერე 10 სიტუაცია, როდესაც სხვას [ადამიანი, გარემოება…] ადანაშაულებდი შენს ოჯახურ მდგომარეობაში.

სავარჯიშო #2: „როგორ შევქმენი ეს მე?“ სიტუაციაში, სადაც რაღაც არ მოგწონს [სავარჯიშო #1], აუხსენი საკუთარ თავს, როგორ შექმენი ეს სიტუაცია. კონკრეტულად რა გააკეთე იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო შენს ცხოვრებაში.

უპასუხე გულწრფელად.

მაგალითი [გამოგონილი]: ჩემი ქმარი საერთოდ აღარ ზრუნავს ჩემზე, ჩვენი ურთიერთობა გაუფერულდა, ის მე აღარ მაფასებს და სულ მეჩხუბება. იდიოტი!

როგორ შევქმენი ეს მე? სინამდვილეში მე აღარ ვზრუნავ საკუთარ თავზე, არ ვასრულებ იმას, რასაც საკუთარ თავს ვპირდები. მე თვითონ ვაუფასურებ საკუთარ თავს, რითიც ნებას ვრთავ გარემოსა და ადამიანებს, უბრალოდ, დამიდასტურონ ყოველივე ეს.

  1. ფული. შესაძლოა, შენ კრედიტებში ხარ, ან ვალები გაქვს, რის გამოც მუდმივად დაძაბული ხარ და კონფლიქტებში ხვდები.

სავარჯიშო #1„10 სიტუაცია“. ჩამოწერე 10 სიტუაცია, როდესაც სხვას [ადამიანი, გარემოება…] ადანაშაულებდი შენს ფინანსურ მდგომარეობაში.

სავარჯიშო #2: „როგორ შევქმენი ეს მე?“ სიტუაციაში, სადაც რაღაც არ მოგწონს [სავარჯიშო #1], აუხსენი საკუთარ თავს, როგორ შექმენი ეს სიტუაცია. კონკრეტულად რა გააკეთე იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო შენს ცხოვრებაში.

უპასუხე გულწრფელად.

მაგალითი [გამოგონილი]: მე არ მომწონს, რომ ჩემს ქალაქში მაღალი ფასებია რესტორნებსა და კაფეებში.

როგორ შევქმენი ეს მე? პირველ რიგში, მე თავად ვცხოვრობ ამ ქალაქში.

არ მომწონს ფასები? სხვაგან უკეთესია? — ადექი და გადადი. მეორე, თუ ჩემთვის რაღაც ძვირია, ე.ი. ცოტას გამოვიმუშავებ. ძვირია? — გამოიმუშავე მეტი და არ იდარდო.

  1. სოციალური კავშირები. შესაძლოა, შენ კონფლიქტები გაქვს კლიენტებთან, ან თანამშრომლებთან…

სავარჯიშო #1„10 სიტუაცია“. ჩამოწერე 10 სიტუაცია, როდესაც სხვას [ადამიანი, გარემოება…] ადანაშაულებდი იმ ურთიერთობებში, რომლებიც გაგიპრობლემდა..

სავარჯიშო #2: „როგორ შევქმენი ეს მე?“ სიტუაციაში, სადაც რაღაც არ მოგწონს [სავარჯიშო #1], აუხსენი საკუთარ თავს, როგორ შექმენი ეს სიტუაცია. კონკრეტულად რა გააკეთე იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო შენს ცხოვრებაში.

უპასუხე გულწრფელად.

მაგალითი [პირადი]: თანამშრომლებმა ლიდებისა და კლიენტების მთელი ბაზა წაიღეს. ასევე, წაიღეს მეთოდოლოგია, კონცეფცია, მასალები და თავად დაიწყეს იმავე ნიშაში ბიზნესი.

როგორ შევქმენი ეს მე? როდესაც ვიგრძენი, რომ არც ერთი პარტნიორი არ იყო თანამოაზრე და იდეის ერთგული, მაინც გავაგრძელე მათთან თანამშრომლობა; არაპროფესიონალი და არაეკოლოგიური ხალხი ავიყვანე; ვერ შევიყვანე სათანადოდ იდეოლოგიაში; დავტოვე მაინც, როდესაც ეფექტურად ვერ გაართვეს თავი საქმეს და ვერ დადეს შედეგები; არ ჩავსვი მკაცრ სწავლების სისტემაში; მოვახვედრე მენეჯმენტის ღია სივრცეში და ცხვირწინ დავულაგე მარგალიტები [მივეცი წვდომა ყველაფერზე]; არ გავითვალისწინე გოგოების აზრი [ქალური ინტუიცია], როდესაც თვენახევრით ადრე მითხრეს, რომ ორი მსუნაგი უცნაურად ათამაშებდა ტაკოს; ისინი არაფერ შუაში არ არიან, რადგან იყვნენ [და არიან] აზროვნების შესაბამის წინით კატეგორიაში. ეს ყველაფერი მთლიანად ჩემი პასუხისმგებლობაა – თავიდან ბოლომდე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ეტაპის გავლა მომიხდა, მაინც მადლიერი ვარ იმის, რაც მოხდა [ამაზე მალე ვრცლად ვისაუბრებ, კონკრეტული ფაქტებით].

  1. სულიერება. შესაძლოა შენ: ცხოვრობ შენი მამოძრავებელი ფასეულობების საწინააღმდეგოდ; დაკავებული ხარ საქმით, რომელიც შენი არაა; არ ასრულებ დანაპირებს, რომელიც სხვა ადამიანებს მიეცი; არ ასრულებ დანაპირებს, რომელიც საკუთარ თავს მიეცი; ეგოისტურად იქცევი სხვა ადამიანების მიმართ; წუწუნებ; იმყოფები მსხვერპლის მდგომარეობაში; გშურს და განიკითხავ; აგროვებ წყენას; აგრესიულად აკრიტიკებ; არ გჯერა საკუთარი თავის; ატრიალებ ნეგატიურ ფიქრებს; ხარ ინსტიქტური და ავტოპილოტზე რეაგირებ; წელიწადში ცხოვრობ ერთ დღეს, უბრალოდ ამას 365-ჯერ აკეთებ; პესიმისტური დამოკიდებულება გაქვს ცხოვრების მიმართ; მოიხმარ ალკოჰოლს, ნიკოტინს, ნარკოტიკებსა და სხვა ტოქსიკურ ნივთიერებებს; უაზროდ ანიავებ დროს; იღებ მავნე საკვებს; ასევე, სულიერ ენერგიას კარგავ მაშინ, როცა ამბობ „კი“-ს, არადა, გინდოდა გეთქვა „არა“; ან პირიქით, გინდოდა გეთქვა „კი“, მაგრამ ამბობ „არა“-ს; იცინი მაშინ, როცა გეტირება; როცა დაღლილი ხარ და არ ისვენებ; არწმუნებ შენს თავს, მოითმინო კიდევ ცოტაც, ნაცვლად იმისა, რომ ჰკითხო საკუთარ თავს: „რა არის საზრისი, რის გამოც ვითმენ ყოველივე ამას?“; როცა გწყინს, ნაცვლად იმისა, რომ სთხოვო ადამიანს იმის შესახებ, რაც ასე ძალიან გინდა; როდესაც ცდილობ, კარგად აკეთო ის, რაც საერთოდ არ უნდა აკეთო; როდესაც ადამიანი გაცლის ენერგიას, შენ კი რაღაც გამოგონილი მიზეზებით აგრძელებ მასთან ურთიერთობას; როდესაც ადამიანები შენ გარშემო უმეტესი დროის განმავლობაში საუბრობენ ნეგატივზე; როდესაც ბევრს საუბრობ პოლიტიკაზე, ტარიფებზე, საცობებზე და ა.შ; როდესაც წუწუნებ და ჭორაობ; როდესაც ბევრს და ემოციურად საუბრობ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობენ სხვები; როდესაც დაკავებული ხარ საქმით, რომელიც ყელში ამოგივიდა, მაგრამ მაინც უძლებ; როდესაც გეშინია; როდესაც ელოდები, რომ ცოტაც, სულ ცოტაც და რაღაც თავისით მოხდება [მოვა თოვლის ბაბუ, თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი, ოლიგარქი შავლეგო] და ცხოვრება შეიცვლება; როდესაც ადანაშაულებ საკუთარ თავს და თვლი, რომ არ ხარ საკმარისად კარგი… თუ აქ ჩამოთვლილიდან, რომელიმე, რამდენიმე, ან ყველა შენზეა, ე.ი. შენ კარგავ სულიერ ენერგიას.

სავარჯიშო #1„10 სიტუაცია“. ჩამოწერე 10 სიტუაცია, როდესაც სხვას [ადამიანი, გარემოება…] ადანაშაულებდი იმაში, რის გაკეთებასაც დაპირდი და არ გააკეთე [ან სიტუაციები, სადაც სინდისი გქენჯნის და კარგავ სულიერ ენერგიას].

სავარჯიშო #2: „როგორ შევქმენი ეს მე?“ სიტუაციაში, სადაც რაღაც არ მოგწონს [სავარჯიშო #1], აუხსენი საკუთარ თავს, როგორ შექმენი ეს სიტუაცია. კონკრეტულად რა გააკეთე იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო შენს ცხოვრებაში.

უპასუხე გულწრფელად.

მაგალითი [გამოგონილი]: კი დავპირდი მეუღლეს, რომ მეტ დროს დავუთმობდი ოჯახს, მაგრამ ეს უფროსი იმდენ საქმეს მაძლევს და ისე ცოტას მიხდის, რომ საქმეზე თუ არ ვიფიქრე, საჭმლის ფულსაც კი ვეღარ მივიტან სახლში.

როგორ შევქმენი ეს მე? სინამდვილეში, დაკავებული ვარ საქმით, რომელიც არც მომწონს, არც მაკმაყოფილებს და არც ენერგიას მაძლევს. სწორედ და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ უკვე წლებია ვერ ვრისკავ საყვარელი საქმის დაწყებას, რომელიც პირდაპირ ჩემს დიდ იდეებს უკავშირდება. სწორედ და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ შიშისა და მიჯაჭვულობის გამო არ ვასრულებ სიტყვას, რომელიც მეუღლეს მივეცი, რის გამოც განვიცდი დანაშაულის გრძნობასა და სინდისის ქენჯნას.

ხარ თუ არა შენ, მკითხველო, ვალდებული, რომ შეასრულო ეს სავარჯიშოები? რა თქმა უნდა, არა! არავითარი ვალდებულება, მხოლოდ ცნობიერი არჩევანი! მე ხომ უკვე ვთქვი, რომ ეს 100 დღიანი ჩელენჯი მხოლოდ მე მეხება და ყველაფერი, რასაც აქ ვწერ, ჩემი პასუხისმგებლობაა. ისე, სიმართლე გითხრა, ეს სავარჯიშო მე შესრულებული მაქვს… საერთო ჯამში, გაკეთებული მექნება 300-ზე მეტი „როგორ შევქმენი ეს მე?“ და მინდა გითხრა, რომ ძალიან მაგრად მუშაობს.

თუ შენ უარს ამბობ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებაზე – დაიტანჯები უშედეგობით.

მე მესმის, რომ ამ პოსტში ყველაფერი საკმაოდ რადიკალურ ენაზე წერია და დიდი შანსია, ადამიანს მოეჩვენოს, თითქოს ვგულისხმობდე, რომ ყველაფერში, რაც ხდება შენს ცხოვრებაში, დამნაშავე ხარ შენ. თუ ფიქრობ, რომ მე ვაცხადებ, თითქოს შენ იყო დამნაშავე იმაში, რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრობ, ასეთი გენეტიკა გაქვს, რომ ვიღაც იდიოტი შემოგასკდა მანქანით, ან იდიოტმა უფროსმა არ დაგაწინაურა, მინდა გითხრა, რომ – ეს ასე არაა!

ამას იმიტომ ვაკონკრეტებ ახლა და იმიტომ ვახდენ ასეთ ხაზგასმას, რომ ბევრს ნამდვილად ასე ესმის [იმიტომ, რომ ასე აწყობს]… ამიტომ, განვმარტავ… ძალიან დიდი სხვაობაა პასუხისმგებლობასა და დანაშაულის გრძნობას შორის. ახლავე აგიხსნი.

სხვაობა პასუხისმგებლობასა და დანაშაულს შორის

__________

როდესაც მე ვამბობ, რომ შენ ხარ 100% პასუხისმგებელი საკუთარ ცხოვრებაზე, აქ მე ვგულისხმობ, რომ – შენ ხარ პასუხისმგებელი იმ ინტერპრეტაციაზე, რეაქციებსა და მოქმედებაზე, რომელიც გაქვს იმ გარემოებაზე, რომელიც მოცემულ მომენტში ხდება შენს თავს.

მსხვერპლი იტყვის, რომ მას არ შეუძლია, მოიმოქმედოს რამე იმ ნეგატივის გამო, რომელიც წარსულში მოხდა.

„გიორგი, სათქმელად ადვილია, მაგრამ შენ წარმოდგენაც კი არ შეგიძლია იმისა, თუ რა გამოვიარე. შენ რა იცი, როგორ მექცეოდნენ ოჯახში?! რატომ მემართება ეს ყველაფერი მე?“

როდესაც ასე აზროვნებ, შენ არ შეგიძლია გააცნობიერო, რომ სინამდვილეში, პრობლემები წარსულიდან არ არსებობს! ერთადერთი ადგილი და დრო, სადაც შეიძლება არსებობდეს პრობლემა – ეს არის აქ და ამჟამად მომენტი… და მორჩა, წერტილი. კარგად თუ დააკვირდები, აღმოაჩენ, რომ ყველა პრობლემა აქ და ამჟამად მომენტში, მხოლოდ შენს თავში არსებობს და თანაც აქ და ამჟამად. პრობლემის შექმნა შეიძლება ნაკარნახევი იყოს მხოლოდ შენი განზრახვით [ცნობიერით, ან არაცნობიერით], გესმის? მხოლოდ ამ განზრახვაზე, რომელიც აქ და ამჟამად მომენტში ხდება, ხარ პასუხისმგებელი შენ. მორჩა, წერტილი. [წაიკითხე თხუთმეტჯერ და გაიაზრე ოცდაცხრამეტჯერ].

შენ შეგიძლია, დაამყარო კონტროლი საკუთარ ზრახვებზე, რეაქციებზე, ინტერპრეტაციებსა და შეხედულებებზე, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ გაქვს საკმარისად მაღალი ცნობიერების დონე.

მაგრამ მსხვერპლის მენტალიტეტის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ის არ შეესაბამება მაღალი ცნობიერების დონეს. არამედ პირიქით, ის მუდმივად ცნობიერების დაბალ დონეზეა… შენ ხომ ცნობიერად არ ირჩევ, იყო მსხვერპლი?! ეს ხომ ავტომატურად ხდება?! ჰოდა, ავტომატიზმის განმაპირობებელი მიზეზი სწორედ ცნობიერების დაბალი დონეა.

მსხვერპლის მენტალიტეტი ოპერირებს ქვეცნობიერ დონეზე!

და მეტიც, მსხვერპლს არ სურს სჯეროდეს, რომ მას აქვს გავლენა, რეაგირებდეს სიტუაციაზე იმგვარად, როგორც მას მოუნდება. მას არ სურს სჯეროდეს, რომ სინამდვილეში, მისი ზრახვები, ინტერპრეტაციები და რეაქციები მისი გავლენის ზონაშია.

რატომ არ სურს?

იმიტომ, რომ ეს დიდზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომლის გაცნობიერების შემდეგაც ადამიანს წლების მანძილზე ნაშენები მთელი მენტალური სამყარო დაენგრევა. არადა, მაგ სამყაროს განადგურების გარეშე, ახალი ფიზიკურად ვერ შეიქმნება.

დავუშვათ, ადრე გაწყენინეს… რასაც არ უნდა ფიქრობდე ამაზე, შენ გაქვს შესაძლებლობა, აირჩიო, თუ როგორი რეაქცია გექნება ამაზე აქ და ამჟამად მომენტში. შენ შეგიძლია [ქვეცნობიერად] აირჩიო, იყო მსხვერპლი, აირჩიო, რომ ეს საზიზღრები უსამართლოდ მოგექცნენ და [ქვეცნობიერად] გააკეთო დასკვნა, რომ არ იმსახურებ მეტს… ეს დასკვნა შეიძლება იმიტომ გააკეთო, რომ მსგავსი სიტუაცია შენს ცხოვრებაში ხშირად მეორდება და ყველა ვარიანტი, მათემატიკური სიზუსტით, მსგავსი სცენარით მთავრდება… ანუ შენ ვერ გამოდიხარ მოჯადოებული წრიდან, ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე სირთულეებს განიცდი და აკეთებ დასკვნას, რომ: „მე არ ვიმსახურებ!“, ან „მე არ შემიძლია…!“, ან „მე არ ვარ საკმარისად კარგი!“ და ა.შ.

მაგრამ ეს სცენარია და არა განაჩენი და არსებობს სხვა ვარიანტიც…

შენ შეგიძლია თქვა, რომ აქ და ამჟამად მომენტში, შენი ცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია შენთვის და არ აპირებ გამოგონილ პრობლემებს ნება დართო, მოგიწამლონ ცხოვრება და შეგაფერხონ განვითარებაში.

„მე არ ვაძლევ უფლებას იმას, რაც ჩემს თავს ხდება ახლა, რომ შემაფერხოს და უკან დამხიოს, რადგან სწორედ მე, აქ და ამჟამად მომენტში, ცნობიერად ვირჩევ საკუთარ ინტერპრეტაციებს, რეაქციებსა და მოქმედებებს… ხოლო იქედან გამომდინარე, რომ ჩემი ცხოვრება სწორედ და მხოლოდ ის არის, რაც აქ და ამჟამად ხდება, მე ცნობიერად ვირჩევ, ავიღო 100% პასუხისმგებლობა ყოველ გაელვებაზე ამ მომენტში და თავად ვიყო საკუთარი ცხოვრების შემოქმედიც და მმართველიც!“

იცი, რამხელა ძალა აქვს ამ სიტყვებს? წარმოუდგენლად დიდი! ამ მიდგომით [ოღონდ ნამდვილი და გულწრფელით], შენ აღარაფრის წაკითხვა აღარ დაგჭირდება წყენაზე, აღარ მოგიწევს დასვა კითხვები წყენის მოშორებაზე და აღარ მოგიწევს მოყვე საკუთარი პრობლემების შესახებ ფსიქოლოგებთან და ფსიქოთერაპევტებთან. თუ მზად ხარ, აიღო საკუთარ თავზე აბსოლუტური პასუხისმგებლობა, მაშინ წყენებისგან გათავისუფლება უკვე ტექნიკის ამბავი ხდება. უნდა შეიარაღდე ეფექტური ტექნიკით და დაიწყო მუშაობა საკუთარ თავზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევს იცხოვრო მსხვერპლის მდგომარეობაში, იწუწუნო და ამით მიიღო სიამოვნება.

სიტყვის მიცემის ძალა

__________

ამ პოსტის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ შინაგან პასუხისმგებლობაზე, რომელიც წარმოადგენს მიზეზს და განმსაზღვრელია, ხოლო ახლა ვისაუბრებთ სიტყვაზე, სიტყვის ძალაზე… რომელიც წარმოადგენს შედეგს.

პიროვნულ თვისებებში, კიდევ ერთ ძალიან მძლავრ უნარს წარმოადგენს – სიტყვის კაცობა. ანუ უნარი, პასუხი აგო საკუთარ სიტყვებზე. დანაპირების შესრულება ახდენს ნდობის ფორმირებას. ასეთ ადამიანებთან გინდა ურთიერთობა, იმიტომ რომ ისინი კარგი გაგებით, „პროგნოზირებადები“ არიან. ასეთებს შეგიძლია დაეყრდნო, მათთან სასიამოვნოა მუშაობა.

ყველაზე მაგარი კაიფია, როდესაც ადამიანი განავითარებს საკუთარ თავში არა მხოლოდ სიტყვის შესრულების, არამედ „არას“ თქმის უნარსაც. აი, მაშინ უკვე ხვდები, რომ როდესაც მან გითხრა „კი“ – ეს უკვე რკინაბეტონის „კი“-ა, ცნობიერად აღებული პასუხისმგებლობა, რომელიც აუცილებლად შესრულდება.

ასეთ ადამიანებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება ერთი სიამოვნებაა. ის არ აგვიანებს შეხვედრებზე. დროულად ასრულებს ვალდებულებებს.

ასეთ ადამიანებს უდიდეს პატივს სცემენ საზოგადოებაში… მათ გვერდით თავადაც მსგავს რითმში იწყებ მუშაობას… მოკლედ, ესენი არიან ადამიანი-მაგნიტები, რომლებიც გიზიდავენ თავიანთ ველში და მათ გარემოცვაში შენც ძალიან სწრაფად ვითარდები.

არიან ადამიანები, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია… შეიძლება ურთიერთობა არ აგეწყოთ, მაგრამ მასთან ურთიერთობით შენ შეიცვალე… შეიცვალე უმოკლეს დროში და გახდი შეუქცევადი, ისეთი, როგორიც არ იყავი არასდროს და ვერც ვერასდროს გახდებოდი, რომ არა ის… აი, ეს არის ლიდერი… მას შიგნით დააქვს ტრანსფორმაცია…

მე მადლიერი ვარ, რომ ბევრ ასეთ ადამიანს შევხვდი ჩემს გზაზე, რომელთაგან უმეტესობა პირადად არც კი გამიცვნია, მაგრამ მაინც შეძლეს ჩემი შეცვლა…

მოკლედ, როდესაც ადამიანი პასუხისმგებლიანია – ეს უდიდესი კაიფია.

მაგრამ რატომ უნდა ვიყო პასუხისმგებლიანი მე? იკითხავ შენ? 

პასუხისმგებლობა – როგორც განვითარების ინსტრუმენტი

__________

შენ უკვე ძალიან კარგად იცი, რომ პასუხისმგებლობა საქმიანი უპირატესობის გარდა, წარმოადგენს თვითგანვითარების უმძლავრეს ინსტრუმენტს. ამასთან – საკმაოდ ღრმა ინსტრუმენტს, რომელიც რამდენიმე დონეზე ახდენს გავლენას.

ახლავე ავხსნი, რასაც ვგულისხმობ:

  1. პასუხისმგებლობისა და მოცემულ მომენტში სიტყვის კაცობის უნარი, ახდენს მეტად გაცნობიერებული მეტყველების ფორმირებას. შენ უკვირდები და “ფილტრავ ბაზარს” – მეტად უფიქრდები, რას ლაპარაკობ, ვისთან ლაპარაკობ და რისთვის ლაპარაკობ. სიდინჯე და დუმილი [ოღონდ პოზიტიური და არა ბეტონის სახე] შენი მოკავშირეები ხდებიან. შენ აღარ უყვები ყველას საკუთარი გეგმებისა და სურვილების შესახებ, რაც თავის მხრივ, ზრდის ამ გეგმების წარმატებით განხორციელების ალბათობას – რადგან ენერგია, რომელსაც ადრე ლაყბობაზე ხარჯავდი, იწყებს გაფართოვებას შენ შიგნით და გაიძულებს, აკეთო მეტი და სწრაფად. შენ, გეგმებზე ლაპარაკის ნაცვლად, შედეგებს აჩვენებ, რაც პირადი ეფექტურობის კიდევ ერთი მძლავრი ხაზია, მაგრამ მასზე როგორმე შემდეგ ვილაპარაკოთ.
  2. პასუხისმგებლიან ადამიანს – “ვფიქრობ”, “ვლაპარაკობ” და “ვაკეთებ” ერთ ხაზში ულაგდება. მათემატიკაში არის ასეთი ტერმინი “კოლინეარულობა” – რაც ნიშნავს რამდენიმე ვექტორის ერთ ან პარალელურ ხაზში განლაგებას. ასეთ ადამიანს უქრება ყველა შინაგანი წინააღმდეგობა და წყვეტს საკუთარ თავთან ჭიდაობას. ის ხდება მთლიანი, ჰარმონიული და ენერგიული.
  3. როდესაც დაცული და გამყარებულია ჯაჭვი “თქვა-გააკეთა”, ადამიანი მეტად თავდაჯერებული ხდება, მას ეზრდება თვითშეფასება და საკუთარი ბედის კონტროლის შეგრძნება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ პირობით, თუ მან იცის „არას“ თქმა და არ არიგებს დაპირებებს საკუთარი თავის საზიანოდ.
  4. დაბოლოს, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი. მას შემდეგ, რაც გამოიმუშავებ, განავითარებ და შეინარჩუნებ სხვებისთვის მიცემული სიტყვის შესრულების უნარს, შეგიძლია გადახვიდე შემდეგზე – ისწავლო საკუთარი თავისთვის მიცემული სიტყვის შესრულება. და როდესაც ეს უნარიც განვითარდება, სწორედ შემდეგ დაიწყება სასწაულები. აქ შენ უკვე აცნობიერებ, რომ შეგიძლია მიაღწიო ყველაფერს, რაც მოგინდება – საჭიროა მხოლოდ დაპირდე საკუთარ თავს. და მორჩა. პირადი ძალა იზრდება ცამდე.

როგორ განვავითაროთ პირადი პასუხისმგებლობა?

__________

იმაზე, რომ ეს უნარი უნდა განვავითაროთ, პირადად მე კითხვები არ მაქვს [იმედი მაქვს, რომ აღარც შენ]. შესაბამისად, დგება მეორე, მნიშვნელოვანი მომენტი – როგორ გავაკეთოთ ეს?

აქაც ყველაფერი მარტივადაა, საჭიროა ვიმოქმედოთ შემდეგი პრინციპით:

“აკეთე ის, რაც დაპირდი, მაშინ, როცა დაპირდი, ისე, როგორც დაპირდი!”

სინამდვილეში, ეს ფორმულაა… რომლის არსიც იმაშია, რომ ის აუცილებელი და საკმარისი პირობაა პირადი პასუხისმგებლობის განსავითარებლად…

გახსოვდეს – ფორმულაში მნიშვნელოვანია თითოეული ცვლადი! ანუ – ამ პრინციპში მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა!

მოდი, გავშიფროთ ფორმულა:

  1. „ის, რაც დაპირდი“. უნდა გააკეთო სწორედ ის. ხანდახან შეიძლება ცოტა მეტიც [ტექნიკა: „გაცვლა გადაჭარბებით“], მაგრამ არასოდეს ნაკლები!
  2. „როცა დაპირდი“. უკიდურესად მნიშვნელოვანია, გააკეთო ეს იმ დროში, რომელშიც შეუთანხმდი ადამიანს. თუნდაც მხოლოდ ეს პუნქტი რომ დაარღვიო – როგორც წესი, ყველა დანარჩენი აზრს კარგავს. მარტივი მაგალითი: შენ ადამიანს დაპირდი, რომ წაიყვანდი აეროპორტში და გააკეთე ეს – მაგრამ 4 საათით გვიან, ვიდრე იყავით შეთანხმებული. შენი დაპირება არავის აღარ სჭირდება – უბრალოდ იმიტომ, რომ თვითმფრინავი უკვე გაფრინდა.
  3. „ისე, როგორც დაპირდი“. ეს პირობა მნიშვნელოვანია ერთგვარი პროგნოზირებისთვის. შეიძლება მოკვდე, მაგრამ გააკეთო. ან შეიძლება სხვა მოკლა. ეს არასწორი გზაა. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ადგილი მოქნილობისთვის – მაგრამ მთლიანობაში, უნდა დაიცვა სწორედ ის გზა, რომელზეც შეთანხმდით.

აი, ასეთი სამი საკვანძო პრინციპი გვაქვს, რომლებიც უნდა დავიცვათ პირადი პასუხისმგებლობის განსავითარებლად. ახლა კი, მოდი, დავილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ ეს.

მაშ ასე – ტექნოლოგია სტუდიაში…

ტექნიკა: „დაპირებების სია – დონე #1“

ამ ტექნიკის იდეა შემდეგშია – ორი კვირის განმავლობაში, ვიწერთ ყველა დაპირებას, რომლებსაც ვიძლევით. ვიწერთ აბსოლუტურად ყველას – ელემენტარულით დაწყებული, გლობალურით დამთავრებული. ამასთან, ვიწერთ შემდეგი ფორმატით – „ვის? როდის? როგორ?“. ვიწერთ კალმით ფურცელზე, არავითარი გაჯეტები.

ამ ტექნიკის კეთება მნიშვნელოვანია ზედიზედ ორი კვირის განმავლობაში, უწყვეტად. შემდეგ კი, კარგი იქნება გავიმეოროთ რამდენიმე თვეში ერთხელ. ეს ტექნიკა ძალიან ამძლავრებს და გვეხმარება პირადი პასუხისმგებლობის განვითარებაში.

ტექნიკა: „დაპირებების სია – დონე #2“

არის საკუთარ თავზე მუშაობის მომდევნო დონე – როდესაც ვადგენთ ზუსტად იგივე სიას, უბრალოდ, საკუთარ თავზე მიცემული დაპირებებით. ზუსტად იგივენაირად ვაფიქსირებთ საკუთარ თავზე მიცემულ დაპირებებს და ვიწყებთ მათ დახურვაზე მუშაობას. ეს მხოლოდ მას შემდეგ უნდა გავაკეთოთ, რაც პირველ დონეს დავხურავთ. შეიძლება სცადოთ ერთად გაკეთებაც, მაგრამ ძალიან რთულია – ეს იგივეა, სარბენ ბილიკზე ეცადო ჩაიბუქნო შტანგით ხელში.

დანერგვის ბლოკი

__________

  1. გადავხედო ჩემი პასუხისმგებლობის რვეულს და ყურადღებით წავიკითხო 300+ “როგორ შევქმენი ეს მე?”
  2. ორი კვირის განმავლობაში, ყოველ დღე ვაკეთებ ტექნიკას: „დაპირებების სია – დონე #1“
  3. თვენახევარში ვიმეორებ.
  4. ერთ თვეში ვაკეთებ ტექნიკას: „დაპირებების სია – დონე #2“
  5. პერიოდულად დავუბრუნდები და განვავითარებ უნარს, სანამ არ ვიქნები შედეგით კმაყოფილი.

P.S. ამით დასრულებულია მეორე პოსტი  ჩემი 100 დღიანი ჩელენჯის სერიიდან. მადლიერი ვარ, რომ წაიკითხე, მგულშემატკივრობ და ტოვებ კომენტარებს. წინ კიდევ 98 პოსტია, შევხვდებით ხვალ.

P.P.S. თუ მოგეწონა, გააზიარე შენს გვერდზე, რათა სწრაფად შეძლო მასთან წვდომის დამყარება, როცა დაგჭირდება…

წყარო; inteleqtika.com

Previous 100 დღიანი ჩელენჯი: «შესაძლებლობების მაქსიმუმზე
Next როგორ უნდა მოიქცეთ როდესაც გლანძღავენ, შურთ თქვენი და ეზიზღებით – მოხუცი სამურაის სიბრძნე

About author

You might also like

Paris fashion week AW14: the 10 key trends – in pictures

Nam in pharetra nulla. Cras aliquet feugiat sapien a dictum. Sed ullamcorper, erat eu cursus sollicitudin, lorem orci condimentum ante, non tincidunt velit dolor eget lacus. Ut dolor ex, gravida

Business 0 Comments

იბრძოლე შენი მიზნისთვის! დაიწყე დაწყებით

უკეთესად ვერ იცხოვრებ, თუ არ ეცადე, უკეთესი გახდე და არ არსებობს იმაზე მეტი ბედნიერება, როცა გრძნობ, რომ ნამდვილად ხდები უკეთესი! კარგი იქნება, ყოველი დღე იმაზე ფიქრით დავიწყოთ ადამიანებმა, შევძლებთ თუ

Travel 2 Comments

Is Brixton London’s next tech hipster hub?

Nam in pharetra nulla. Cras aliquet feugiat sapien a dictum. Sed ullamcorper, erat eu cursus sollicitudin, lorem orci condimentum ante, non tincidunt velit dolor eget lacus. Ut dolor ex, gravida

0 Comments

No Comments Yet!

You can be first to comment this post!

Leave a Reply